საორგანიზაციო და პროგრამული კომიტეტი

კონსტანტინე ფხაკაძე არის საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი და სკოლის გუნდური შეჯიბრის მაორგანიზებელი ჯგუფისა და პროგრამული და საორგანიზაციო კომიტეტების თავმჯდომარე.
კონსტანტინე ფხაკაძის სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. კერძოდ, 2002 – 2007 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ხელმძღვანელობდა ქართული ენის სრული მათემატიკური და ტექნოლოგიური დაფუძნების მიზნებით მოქმედ სახელმწიფო-მიზნობრივ პროგრამასა „კომპიუტერის სრული პროგრამულ-მომსახურეობითი მოქცევა ბუნებრივ ქართულ ენობრივ გარემოში“ და ამავე მიზნით მოქმედ საუნივერსიტეტო სემინარს „ლოგიკა, ენა, გამომთვლელი“. 2004 წელს იმავე უნივერსიტეტში იმავე მიზნებით მან დააფუძნა „ბუნებრივი ენების ლოგიკის“ საბაკალავრო სპეციალიზაცია, 2005-2006 წლებში კი - „მათემატიკური ლინგვისტიკის“ სამაგისტრო სპეციალობა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გასვლის შემდეგ მან მის გარშემო თავმოყრილ ახალგაზრდებთან ერთად დააფუძნა და 2008-2011 წლებში ხელმძღვანელობდა არაფორმალურად მოქმედ „ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ღია ინსტიტუტს“ (https://geoanbani.com/other/gllc.ge/index.html).
2011 წლიდან ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის მხარდაჭერითა და ქართული ენის ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით მის მიერვე წარდგენილი სამოქმედო გეგმით დაფუძნებული „ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ (https://geoanbani.com/) დირექტორი, სადაც ის ხელმძღვანელობს ქართული და აფხაზური ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნებზე მიმართულ გრძელვადიან პროექტებს „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ (მოქმედებს 2012 წლიდან), „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ (მოქმედებს 2015 წლიდან). გარდა ამისა, 2012 წლიდან ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი.
კონსტანტინე ფხაკაძე არის 190-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, 5 მონოგრაფიული ნაშრომისა და ორი პატენტირებული გამოგონების ავტორი. როგორც მომხსენებელს და, ასევე, როგორც პროგრამული/საორგანიზაციო კომიტეტის წევრს/თავმჯდომარეს მას მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტი კონფერენციის, სეზონური სკოლისა და სამეცნიერო ვორკშოფის მუშაობასა და ორგანიზებაში.
კონსტანტინე ფხაკაძის სამეცნიერო საქმიანობის მთავარი შედეგია ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძვლების შემუშავება, რომელიც არის ქართული ენის პირველი ჩომსკი-მონტეგიუს ტიპის მათემატიკური თეორია ანუ გრამატიკა.
მისი სამეცნიერო საქმიანობის მეტად მნიშვნელოვანი შედეგია აგრეთვე მისივე დოქტორებისა და ახალგაზრდა კოლეგების თანამონაწილეობით შემუშავებული ქართული თვითგანვითარებადი ინტელექტუალური ვებ-კორპუსი, მოკლედ, ქართული უნივერსალური ჭკვიანი კორპუსი (https://corpus.ge/). ხაზგასასმელია, რომ ეს ერთადერთი ქართული თვითგანვითარებადი კორპუსი, რომელიც დღეს-დღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოცულობითი და ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მეტად მხარდაჭერილი ქართული კორპუსი (იხილეთ https://geoanbani.com/HTML/aboutUs.html მისამართზე განთავსებული მონოგრაფიული ნაშრომი „ქართული ინტელექტუალური ვებ-კორპუსი: მიზნები, მეთოდები, რეკომენდაციები“), შემუშავდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული გრძელვადიანი პროექტების „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ იმ AR/122/4-105/14 ქვეპროექტის ფარგლებში, რომელიც თავად ფონდმა 2017 წელს ფონდის წარმატებულ პროექტად გამოაცხადა (იხილეთ https://rustaveli.org.ge/geo/tsarmatebuli-proeqebi/kidev-erti-nabiji-mosaubre-kartuli-tvitganvitarebadi-intelektualuri-korpusisaken მისამართზე განთავსებული მასალა).
გარდა ამისა, მისი საზოგადოებრივი საქმიანობის მთავარი შედეგი ისაა, რომ სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198?publication=3) სახელმწიფო ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ქვეყნის ორგანული კანონით განსაზღვრულ ვალდებულებად არის განსაზღვრული.