მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში საბაზისო ბუნებრივენობრივი ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების კონსტრუირების მიზნით უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია მიმდინარეობს სახელდებული, ანუ ღიად გაცხადებული კვლევითი პროცესები.
ამ პროცესების მიზანია ისეთი კომპიუტერის კონსტრუირება, რომელთანაც მომხმარებელს საშუალება ექნება ყოველგვარი სპეციფიკური ცოდნის გარეშე იქონიოს სრული, პირდაპირი და თავისუფალი ურთიერთობა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება ექნება პირდაპირ უთხრას მას ის, რის გაკეთებასაც იგი მისგან მოითხოვს, და ეს კომპიუტერი, ასე ენობრივად მიღებულ ბრძანებასა თუ დავალებას გაიგებს და შეასრულებს.
ამასთან, ასეთი კომპიუტერის შესაძლებლობები იმდენად ფართო იქნება და, შესაბამისად, მის მიერ ასე სიტყვიერად მიღებულ ბრძანებათა თუ დავალებათა სპექტრი იმდენად მოცულობითი, რომ იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჩაითვლება მისი მომხმარებლის დაუზარებელ თანამოაზრედ და ინტელექტუალურ პარტნიორად.
ეს ამ კომპიუტერის იმ სისტემურად უზრუნველყოფილი უნარებით იქნება რეალიზებული, რაც მას საშუალებას მისცემს გააკეთოს დასამუშავებლად შემოსული ტექსტის დანაწევრება, გააზრება და დამუშავება მისი დროში პარალელური ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლოგიკური და სემანტიკური ანალიზის და მასში სისტემურად უზრუნველყოფილი ზოგადი ენობრივი აზროვნების ასაგებად და გასაგებად აუცილებელი ზოგადი მათემატიკური ცოდნის საფუძველზე.
გარდა ამისა, ეს კომპიუტერი სისტემურად უზრუნველყოფილი იქნება სწავლის, ანუ მასში მანამდე არსებული საბაზისო ცოდნის გაფართოების უნარით. ეს ნებისმიერი სპეციალობის ნებისმიერ მომხმარებელს მისი მომხმარებლობითი მიზნების შესაბამისი სპეციალური ექსპერტული კომპიუტერული სისტემის აგების საშუალებას მისცემს.
ამასთან, ეს კომპიუტერი, აღჭურვილი იქნება რა კითხვითი, სმენითი და მთარგმნელობითი უნარებით, მომხმარებელს საშუალებას მისცემს გამოიყენოს იგი ავტომატური მკითხველის, მბეჭდავის და მთარგმნელის ფუნქციებით.
თანაც, ეს კომპიუტერი, შემძლე იქნება რა დამოუკიდებლად შევიდეს საერთო სარგებლობის ცოდნისა და მონაცემთა ბაზაში, იქიდან დამოუკიდებლად ამოკრეფს მიღებული დავალების შესაბამის ცოდნასა და მონაცემებს, დამოუკიდებლად ჩართავს მათ საანალიზო გარემოში, დაიმახსოვრებს მის მიერ უკვე წარმოებული კვლევის შედეგებს და დასმულ კითხვასთან ხელმეორედ დაბრუნებისას გაითვალისწინებს მათ, რითაც იგი, ხშირ შემთხვევებში, მანამდე პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხს სრულიად დამოუკიდებლად გასცემს.
ეს მიზნები და ამ მიზნებით დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გასაგებს ხდის, რომ ახლო მომავალში ასეთი ინტელექტუალური კომპიუტერებით სულ უფრო მეტი მოცულობით ჩანაცვლდება დღეს არსებული არაინტელექტუალური კომპიუტერები, რაც თანამედროვე კულტურული პროცესების სახისა და შინაარსის თვისობრივ ცვლილებას ნიშნავს.
ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ იმ დროისათვის, ასეთი ქართული ინტელექტუალური კომპიუტერის არარსებობის შემთხვევაში, ქართველ ერს კულტურული პროცესების ქართული ენით წარმოების არანაირი საშუალება არ ექნება.
ამასთან, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ქართული ენის და აზროვნების ამგვარი ტექნოლოგიზებული ანბანის შემუშავების, ანუ ზემოაღნიშნული სახის ქართული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის აგების შემთხვევაში, და მხოლოდ ამ შემთხვევაში, ქართველი ერი, თანასწორად სხვა ერებისა, დაუსრულებლივ შეძლებს მშობლიური ენით იმონაწილეოს და სრულფასოვნად ითანამშრომლოს ტექნოლოგიზებული ენებით ელექტრონულად ორგანიზებულ საერთო მსოფლიო კულტურულ ქსელში.
ამ ბოლო დროს გახშირდა საუბრები გლობალიზაციის ვიწრო ეროვნული გამოძახილების და აქ მოსალოდნელი კულტურული ძვრების შესახებ. თუმცა, ამ თვალსაზრისებით უმნიშვნელოვანესი, როგორც წესი, მხოლოდ გაკვრით მიმოიხილება და არსებითი ყურადღების მიღმა რჩება. ანუ, მახვილდება რა ყურადღება თანამედროვე სამეცნიერო პროცესების მაღალ რეზონანსულ მნიშვნელობებზე, სამწუხაროდ, ხაზი არ ესმება ლოგიკად და ენად (Logic & Language) და ენა, ლოგიკა, გამოთვლებად (Language, Logic, Computation) წოდებულ სამეცნიერო სფეროებში სხვადასხვა ბუნებრივი ენების სრულმასშტაბიანი ტექნოლოგიზების მიზნით მსოფლიოში გლობალურად მიმდინარე კვლევით პროცესებს, ქართული ენის სრულმასშტაბიანი ტექნოლოგიზების აუცილებლობიდან გამომდინარე აქ ადგილობრივ არსებულ ჩამორჩენებსა და ამით განპირობებულ შემაშფოთებელ პერსპექტივებს. ამასთან, დღეს, როცა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ზემოაღნიშნული მიზნით მიმდინარე კვლევების ფარგლებში თითქმის ამომწურავად აქვთ შემუშავებული მათი მშობლიური ენის და აზროვნების მათემატიკური თეორიები, როცა სასწავლო მიზნების გათვალისწინებით ეს თეორიები ასევე თითქმის ამომწურავად აქვთ გადამუშავებული, განა არ დადგა დრო, რომ ჩვენც ვიზრუნოთ ჩვენი დედა ენისა და დედა აზროვნების, ანუ ქართული ენისა და ქართული აზროვნების მათემატიკური თეორიის შემუშავებასა და ამ თეორიის სასწავლო მიზნებით გადამუშავებაზე?! - ხომ სრულიად ნათელია, რომ ვერსად სხვაგან, გარდა თუ არა საქართველოსი, და ვერავინ სხვა, გარდა თუ არა ქართველი მკვლევრებისა, ამ განსაკუთრებული ქართული კულტურული მნიშვნელობის მქონე საკითხებით ვერ დაკავდება?! - არადა, დღეს, ვერავინ ვერ შეძლებს იმის ცალსახად და დანამდვილებით თქმას თუ სულ რაღაც ათი-თორმეტი წლის შემდეგ ზემოთ მოკლედ მიმოხილულთაგან კერძოდ რა ტიპის ტექნოლოგიები იქნება უკვე დანერგილი და რა ტიპის ჯერ კიდევ არა! _ ეს არის მიზეზი იმისა, რამაც გადაგვაწყვეტინა კიდევ ერთხელ გვეთქვა ამ მართლაცდა საგანგაშო ვითარების შესაბამისი საგანგაშო სიტყვა! _ არა თუ მხოლოდ ღრმად გვწამს, არამედ წინაპართაგან ვიცით კიდეც, რომ სხვათა ენათა შორის ქართული ენის არადაკნინებული, ანუ ღირსეული, ანუ თანასწორი არსებობის უზრუნველყოფა ქართველი ერის უპირველეს პასუხისმგებლობათა შორისაა და ჩვენც, ამ ერის შვილებს, იგივე, ჩვენს პირად პასუხისმგებლობათა შორის, უპირველესის ნიშნითა გვაქვს განსაზღვრული.