ლექტორები
კონსტანტინე ფხაკაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „აღნიშვნათა თეორია როგორც ქართული ენის თეზისებისა და ლოგიკური გრამატიკის თეორიული საფუძველი“, რომელიც ეძღვნება შალვა ფხაკაძის სამეცნიერო მოღვაწეობის მათემატიკური ლოგიკის ეტაპს და 2 დღიან სალექციო კურსს „ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძვლები“.
კონსტანტინე ფხაკაძის სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი. 2003-2007 წლებში ის იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „კომპიუტერის სრული პროგრამულ-მომსახურეობითი მოქცევა ბუნებრივ ქართულ ენობრივ გარემოში“ ხელმძღვანელი. ამასთან, 2004 წელს, იმავე უნივერსიტეტში ქართული ენის სრული მათემატიკური შესწავლისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნებით დააფუძნა „ბუნებრივი ენების ლოგიკის“ საბაკალავრო სპეციალიზაცია. 2008-2011 წლებში ხელმძღვანელობდა არაფორმალურად მოქმედ „ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ღია ინსტიტუტს“.
2011 წლიდან ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის გრძელვადიანი პროექტების (ესენია: „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ (მოქმედებს 2012 წლიდან), „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ (მოქმედებს 2015 წლიდან)) ხელმძღვანელი. ასევე, 2012 წლიდან ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სადაც გარდა იმისა, რომ უძღვება ბუნებრივი ენების დამუშავების საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს, არის „ინფორმატიკის“ სადოქტორო პროგრამის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელი.